ილია ჭავჭავაძე – Ilia Chavchavadze (1837 – 1907)
ყვარელი. ბავშვობა და სიყმაწვილე
1837-1847
კახეთში, მაშინდელი თელავის მაზრის სოფელ ყვარელში, 1837 წლის 27 ოქტომბერს (ძვ. სტ.) დაიბადა დიდი ქართველი მწერალი და მოაზროვნე ილია ჭავჭავაძე.
ყვარელი, სადაც გაატარა მომავალმა პოეტმა ბავშვობა და სიყმაწვილე, საუკუნეების მანძილზე იყო საქართველოს აღმოსავლეთი საზღვრების კარიბჭე, რომელიც იცავდა ჩვენს ქვეყანას მომხვდური მტრის ამაოხრებელი შემოსევებისაგან და რბევებისაგან. ამის დასტურად აქ დღემდე არის შემორჩენილი ძველი ბურჯებიანი ციხე-გალავანი და კოშკები…
ჭავჭავაძეთა გვარი საისტორიო წყაროებში XV საუკუნიდან, კერძოდ, ალექსანდრე I დიდის დროიდან მოიხსენება. გადმოცემების მიხედვით, ილიას წინაპრები-ჭავჭავაძიანთა ერთი მთავარი შტო-ისტორიული კახეთის მთიულეთის (ერწო-თიანეთი ფშავ-ხევსურეთით) მხრიდან უნდა იყვნენ ჩამოსახლებულნი XVI საუკუნის დამდეგს, ლევან I მეფობის დროს, სახელდობრ, 1529 წელს კახეთის ბარში – ალაზნის გაღმა მხარეში ყვარელ-შილდაში და სამშობლოსა და მეფის სამსახურში გამოჩენილი განსაკუთრებული გმირობისა და მამაცობისათვის კახეთის მეფე კონსტანტინე I თავადობაც მათთვის აქ უბოძებია 1726 წელს. ამიტომაცაა ისინი კახეთის თავადობის ღირსებით ჩაწერილნი 1783 წელს გეორგიევსკში დადებული რუსეთ საქართველოს ტრაქტატისათვის თანდართულ ქარლთ-კახეთის თავად-აზნაურთა სიაში, რომელიც ერეკლე II მიერ არის დამტკიცებული.
კახეთის თავადი ჭავჭავაძეები იყვნენ ,,ორ გვარად“ -წინანდლისა და ყვარლისა. წინადლის შტოს ეკუთვნოდნენ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე გარსევან ჭავჭავაძე (ვისაც ერეკლე II მიანდო 1783 წელს გეორგიევსკში რუსეთ-საქართველოს ტრაქტატზე ხელის მოწერა, შემდეგ კი ქარლთ კახეთის სამეფოს დესპანად გაგზავნა რუსეთის სამეფო კარზე პეტერბურგში), მისი ვაჟი-გამოჩენილი ქართველი პოეტი-რომანტიკოსი ალექსანდრე ჭავჭავაძე, სილამაზით განთქმული ასულნი-ნინო ჭავჭავაძე-გრიბოედოვისა, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა, სოფიო ჭავჭავაძე-ბარონ ნიკოლაისა და ერთადერთი ძე – დავით ჭავჭავაძე…
ილია ყვარელი ჭავჭავაძეების შთამომავალია. მისი პირდაპირი წინაპრები-ოტია, პაპუნა, მამუკა, ფარემუზ, ბესპაზ და პაატა ჭავჭავაძეები XV-XVIII სს. ისტორიული პირებია, ილიას პაპის მამას – ბესპაზ ჭავჭავაძეს თავი გამოუჩენია 1755 წელს ხუძახის ბატონის-ნურსალ-ბეგისა და მისი 20-ათასიანი ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლაში ყვარლის დაცვის დროს. როგორც თეიმურაზ II და ერეკლე II 1755 წლის წყალობის სიგელი მოწმობს, სხვა ქართველ მეომრებთან ერთად ბესპაზ ჭავჭავაძემ ,,რჯულის გულისათვის თავი საყათლანოდ გადასდვა, ოცდასამი დღე ლომსავით იბრძოლა“ და ყვარლი ციხე გალავანს ალყა შემორტყმული ხუნძახის ბატონი და მისი მრავალათასიანი ლაშქარი სატიკად დაამარცხა და სამარცხვინოდ უკუაქცია!
პოეტის პაპა პაატა ბესპაზის ძე ერეკლე მეორისა და საქართველოს უკანასკნელი მეფის – გიორგი მე-13-ის დროს გამოჩენილი პირი ყოფილა. ერეკლე მეფის დროს პაატა, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მოიხსენიება, როგორც მონაწილე ექსპედიციისა იმერეთში 1788 წელს, როდესაც ერეკლემ იმერეთის მეფედ დასვა თავისი შვილიშვილი სოლომონ მეორე.
1798 წელს, როდესაც გარდაიცვალა ღვაწლმოსილი პატარა კახი და როგორც ხალხური ლექსი ამბობს – ,,საქართველოს შეეხსნა რკინის კარები”, – პაატა იყო ერეკლეს დამტირებელთა შორის, ქართლ – კახეთის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ჩამოუსვენებია ერეკლეს ცხედარი თელავიდან მცხეთაში, სადაც იგი მიაბარეს სამშობლოს მიწას საქართველოს ძველ დედაქალაქში.
პაატას ხუთი ვაჟი ჰყოლია: სვიმონი, გარსევანი, ალექსანდრე, გრიგოლი (მამა ილიასი) და იოსები. ამათგან გრიგოლის ძმები იოსების გარდა მტრის ტყვიით განგმირულან (იოსები მათ შორის საერთოდ არაა მოხსენებული). პოეტის მამა – გრიგოლი, ერთ ხანად სამხედრო სამსახურში ყოფილა ოფიცრად, მაგრამ ოსმალეთთან ომის დამთავრების შემდეგ იგი ბრუნდება საქართველოში და ირთავეს ქრისტეფორე ბებურიშვილის ქალს მარიამ (მაგდანე) ბებურიშვილს.
გრიგოლს და მარიამს სულ ექვსი შვილი ჰყოლიათ: ოთხი ვაჟი და ორი ასული.
ილია მესამე შვილი იყო გრიგოლ და მარიამ ბებურიშვილი ჭავჭავაძეებისა. თავის ავტობიოგრაფიაში ილია წერს: ,, დავიბადე 27 ოქტომბერს 1837 წელს, სოფელ ყვარელში“.
შუა ეზოში იდგა რიყის ქვისგან ნაშენი სამსართულიანი ძველებური კოშკი, სადაც ლეკების შემოსვლის დროს მთელი ოჯახი იხიზნებოდა. ლეკთა ერთ-ერთი ასეთი მოსალოდნელი თავდასხმის დროს დაბადებულა სწორედ ილია ამ მამაპაპეული კოშკის მეორე სართულზე. მესამე სართული მცველებს ეკავათ, პირველ სართულს კი სურსათ-სანოვაგის შესანახად იყენებდნენ. კოშკს ყველა მხრიდან სათოფურები ჰქონდა დატანებული და საიმედოდ იცავდა მებატონის სახლ-კარს, რომელშიც შედიოდა სადგომი სახლი, სამზარეულო, ჩალური და მარანი, წისქვილი, ბეღელი და თავლა.
ილიას სახლ-კარი დიდ მწვანე ბაღშია ჩაფლული, რომლის ნამდვილი მშვენებაა საუკუნოვანი გოლიათი კაკლის ხე. ამბობენ თითქოს, ილიას ყრმობის პირველი გატაცება სოლომონ ჭავჭავაძის მშვენიერი ასული ელისაბედი ყოფილა, იგივე ლიზა (შემდეგ ყვარელში მოსამსახურე ქუთაისელი ოფიცრის ალექსანდრე მარჯანიშვილის მეუღლე, დედა კოტე მარჯანიშვილისა) და თითქოს სწორედ მას მიუძღვნა შესანიშნავი ლირიკული ლექსი ,,გახსოვს, ტურფავ“:
,,გახსოვს, ტურფავ, ჩვენს დიდ ბაღში
მე და შენ რომ ერთად ვრბოდით?
ნეტა იმ დროს!.. სიყვარულის
მეტ არაფერს ჩვენ არ გვრძნობდით!
შენ მოსწყვიტე ქორფა ვარდი,
გადმომიგდე საყვარელსა
და მითხარი: ,,ჩემო გიჟო!
ჩემ სახსოვრად გქონდეს ესა!..
ქართული ენის, წერა-კითხვისა და სამშობლო ქვეყნის გმირული წარსულის, ქართული მწერლობისა და ზეპირსიტყვიერების სიყვარული ილიას პატარობიდანვე ოჯახში ჩაუნერგა დედ-მამამ:
,,მამა-ჩემმა ძალიან კარგი ზღაპრები იცოდა და ჩვენც გვიყვარდა ყურის-გდება ზღაპრისა“, ან კიდევ: ,,მამამ დაიწყო: მე ადრეც მიამბნია, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან ემტერებოდნენ თათრები. მოსვენებას არ გვაძლევდნენ, ხან აქედამ, ხან იქიდამ მოგვესეოდნენ ხოლმე. ჩვენც, რაც შეგვეძლო, რაც ძალი და ღონე გვქონდა, ვებრძოდით, ვეომებოდით“,- ასე ალაპარაკებს ილია ჭავჭავაძე მამას მოთხრობაში ,,ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“, ხოლო ავტობიოგრაფიაში პირდაპირ წერს: ,,მამაჩემი რამდენადმე განათლებული კაცი იყო, აფიცრად მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნის პოლკში და რუსული კარგად იცოდა“.
მაინც, ილიას პირველი მასწავლებელი და შთამაგონებელი დედა ყოფილა. ილია ჭავჭავაძე წერს:
,,დადაჩემმა მშვენივრად იცოდა მაშინდელი ქართული მწერლობა. სულ ზეპირათა ჰქონდა დასწავლული თითქმის ყველა ლექსი და ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც კი იშოვებოდა მაშინ ან დაბეჭდილი ან ხელნაწერი. საღამოობით დაგვსხავდა ბავშვებს და გვკითხავდა: აბა, ვინ უფრო კარგად მიამბობს, რაც გუშინ გაიგონეთო. ვინც კარგად ვუამბობდით, გვაქებდა და ამ ქებას ჩვენც დიდად ვაფასებდით“.
მაგდანა (მარიმ) ბებურიშვილი სანამ 1832 წელს გრიგოლ ჭავჭავაძის მეუღლე გახდებოდა, მანამდეც მისი ოჯახი წმინდა ქართული ტრადიციების მატარებელი ყოფილა და ქართული ეროვნული მწერლობის ძეგლთა გადაწერა- გამრავლებას მისდევდა. ასე რომ, როგორც ვხედავთ, ქართული მწერლობის სიყვარული ილიას თურმე დედის ოჯახიდანვე მოსდევდა.
1845 წელს, ალ. ყიფშიძის გადმოცემით, შინაური სწავლის მიღების შემდეგ 8 წლის ილია მიუბარებიათ სოფლის მთავარ დიაკვნისათვის, ვისთანაც გატარებულ სამ წელს წარუშლელი კვალი დაუტოვებია მწერლის ცხოვრებაში. ავტობიოგრაფიაში ილია გადმოგვცემს: ,,სწავლა 8 წლის დავიწყე ჩვენი სოფლისავე მთავართან ქართულის წერა კითხვითა. მთავარმა ძალიან კარგად იცოდა ქართული და სახელი ჰქონდა განთქმული საღმრთო წიგნების კარგის მკითხველისა. ხოლო უმთავრესი ღირსება მისი ის იყო, მომხიბვლელი თქმა იცოდა ამბებისა. გვიმბობდა მდაბიურად და ბავშვისათვის ადვილად გასაგების ენით უფრო საღმრთო და სამშობლო ქვეყნის ისტორიის ამბებსა, ვის რა გმირობა მოემოქმედნა, ვის რა ფალავნობა გაეწია, ვის რა ღვაწლი და სიკეთე დაეთესა სამშობლოსა და სარწმუნოების სასარგებლოდ და დასაცველად.
ბევრი ამ ამბავთაგანი ღრმად ჩამრჩა გულში და ერთი მათ შორის-,,დიმიტრი თავდადებული“- თემად გამოვიყენე მრავალი წლის შემდეგ. ერთი კიდევ პატარა საშობაო მოთხრობად დავწერე. ჩემს ,,გლახის ნაამბობში“ ზოგიერთს ადგილს ცხადად ამჩნევია კვალი მთავრის ამბების გავლენისა.
მთავართან ვსწავლობდი ამავე ჩემ სამშობლო სოფლის გლეხკაცების შვილებთან. რამდენადაც მახსოვს, ხუთნი თუ ექვსნი ვიყავით. ყველანი შინიდან დავდიოდით მთავართან დილ-დილით და სწავლა გვქონდა შუადღემდე.
ილიას დედა სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვლილა ყვარელში 1848 წლის 4 მაისს. მაშინ ილია 10 წლის იყო. დედით დაობლებული ძმისშვილების პატრონობა იტვირთა მამიდამ – მაკრინე პაატას ასულმა ჭავჭავაძე-ერისთავისამ. მაკრინე გათხოვილი იყო ივანე არაგვის ერისთავზე და ამ დროს დაქვრივებული იყო. მაკრინე პაატას ასულმა ჭავჭავაძე-ერისთავისამ და მართლაც რომ ნამდვილი დედობა გაუწიათ მათ.
მეთერთმეტე წელში გადამდგარი ილია 1848 წლის იანვრისთვის მამამ თბილისში ჩამოიყვანა. პატარა ილიას ცხოვრებაში დგებოდა ახალი ხანა – თბილისის ხანა, პანსიონსა და გიმნაზიაში განსწავლის წლები. . .
თბილისი
პანსიონსა და და გიმნაზიაში
1848-1856 წლები
1848 წლის იანვრისთვის გრიგოლ ჭავჭავაძემ თავისი მეორე ვაჟიშვილი მაშინდელ ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო რაევსკის და ჰაკეს კერძო პანსიონში მიაბარა, სადაც 4 წელიწადს სწავლობდა.
1851 წელს წავლის გასაგრძელებლად ილია თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში შევიდა.
1852 წლის 10 დეკემბერს, როცა ილია თბილისში უკვე გიმნაზიელი იყო, ყვარელში მამაც გარდაეცვალა. ამის შემდეგ მთელი ოჯახის ტვირთი და ხუთი ობოლი ძმისშვილის აღზრდა-პატრონობა მამიდა მაკრინეს დააწვა მხრებზე. სწორედ ამ დიდი სულიერი ტკივილის გამოა დაწერილი ჩვენამდე მოღწეული ილიას ყრმობის დროინდელი, მისი ერთ-ერთი პოეტური ცდა “მოთქმა საწყლისა“. 15 წლის გიმნაზიელის ცხოვრებაში მომხდარ ამ ღრმა ტრამვას შეიძლება მიეწეროს ის ფაქტი, რომ ილიას ამ დროს საგნებში არასახარბიელო ნიშნები მიუღია, რის გამოც იგი გიმნაზიის იმავე მეოთხე კლასში დაუტოვებიათ. სამაგიეროდ, 1853 წელს ილიას მდგომარეობა საგრძნობლად გამოუსწორებია.
ილიას ბავშვობისა და მოწაფეობის ხანა მშფოთვარე პერიოდია ჩვენს ისტორიაში„ ეს არის კავკასიისა და ყირიმის ომების ხანა, ბატონყმობის მძიმე უღლისა და რუსეთის თვითმპყრობლობის ბრძოლის ხანა. 1854 წლის ივლისში წინანდალზე ლეკთა თავდასხმამ იმსხვერპლა მისი უფროსი ძმა კონსტანტინე.
პეტერბურგს გამგზავრება, პეტერბურგის უნივერსიტეტი
1857-1861 წ
თბილისის გიმნაზიის რვა კლასის დამთავრების შემდეგ ილიას მტკიცედ ააქვს გადაწყვეტილი რუსეთში წასვლა უმაღლესი განათლების მისაღებად. რუსეთში წასვლამდე ილია ყვარელში იმყოფება. იგი ამ დროისათვის რამოდენიმე ორიგინალური ლექსის ავტორი გახლდათ. 1857 წლის 15 აპრილს სოფელ კარდანახში დაწერა ლექსი “ყვარლის მთებს“.
1857 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ განყოფილებაზე, რომელიც იძლეოდა ეკონომიკურ – ფინანსური და ადმინისტრაციული დარგების ცოდნას.
1859 წლის ზაფხულში ავადმყოფი ილია რამდენიმე თვით ჩამოსულა საქართველოში გამოსაჯანმრთელებლად და აქ შემოდგომამდე დარჩენილა.
ილიას სტუდენტობის დროის შესახებ მოიპოვება მოგონებანი ილიას მეგობრის კოხტა აფხაზისა, რომელიც ილისათან ერთად სწავლობდა, როგორც გიმნაზიაში, ისე უნივერსიტეტშიც, და ნიკო ნიკოლაძისა, რომელიც ილიას შემდეგ ჩავიდა პეტერბურგში. ნიკო ნიკოლაძის დროს პეტერბურგის სტუდენტობაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ხსოვნა სტუდენტ ილიას შესახებ, რომელიც პეტერბურგის ქართველი სტუდენტობის მიერ აღიარებულ ხელმძღვანელად ითვლებოდა.
კოხტა აფხაზი გადმოგვცემს:
“უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტუკური და ეკონომიური სამეცნიერო საგნები აინტერესებდა. ……. ჩვენ სტუდენტები, ხშირად ვიკრიბებოდით და ვბაასობდით როგორც საზოგადო კითხვებზედ, აგრეთვე ჩვენს დაბეჩავებულს სამშობლოს მომავალზედ. ვკითხულობდით ხშირად ქართულ წიგნებს“.
ილიას სტუდენტობის ხანა პეტერბურგში დაემთხვა რევოლუციებისა და ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ომების, მათი მუდმივი გამოძახილის პერიოდს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ახალგაზრდა ილია, თავისი დამონებული სამშობლოს მომავალ ბედზე ფიქრით მოცული, მღელვარებით ადევნებდა თვალყურს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას ევროპაში. როდესაც 1860 წლის გაზაფხულზე გარიბალდიმ აიღო მესინა, ხოლო შემდეგ იტალიის ნახევარკუნძულზე გადმოვიდა, ილია ამას აღფრთოვანებული მიესალმა ლექსით: “ მესმის, მესმის სანატრელი, ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა…“
ილიას დროს პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი. ილიას გარშემო შემოკრებილი ქართველი სტუდენტობა შეადგენდა იმ ბირთვს, რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შეადგინა “პირველი დასი“.
ილიას დროს შეიქმნა რუსეთში ქართველი სტუდენტობის-“თერგდალეულთა“ ტრადიციები.
1857-1861 წლები არაჩვეულებრივად უხვი გამოდგა სტუდენტი ილია ჭავჭავაძისთვის შემოქმედებითი ნაყოფიერების თვალსაზრისით. სტუდენტობის 4 წელი უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჭავჭავაძის როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ფორმირებისა და სრულყოფისათვის, მისი პროგრესული სოციალური-პროგრესული, ფილოსოფიური და ესთეტიკური მრწამსის შემუშავებისათვის. იგი იმთავითვე ინტენსიურად და საფუძვლიანად სწავლობდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ მწერლობას. რუსულ და ევროპელ მწერალთა და მეცნიერთა მემკვიდრეობას; გატაცებით დაეწაფა რუსი რევოლუციონერ დემოკრატების — ბელინსკის, გერცენის, დობროლიუბოვის, ჩერნიშევსკის ნააზრევს, რაც დაუკავშირა საკუთარი ხალხის პროგრესისათვის ბრძოლის მიზნებსა და ამოცანებს.
kargi iyo saintereso
ОтветитьУдалить